სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 12 თებერვალი, 2021
ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა - აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016

მსოფლიოს მასშტაბით, ტუბერკულოზი ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ - ერთი ყველაზე უფრო სახიფათო და გავრცელებული დაავადებაა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა კაცობრიობისთვის გამოწვევაა − დაავადება ყველაზე მეტად აზარალებს დაბალი შემოსავლის მქონე მოწყვლად ჯგუფებს და ზრდის საზოგადოებაში უთანასწორობას. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაციაში, რაც შესაბამისად აისახა კიდეც: ბოლო 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელება 2-ჯერ შემცირდა.

ტუბერკულოზის პრევალენტობის შემცირებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირება, ლატენტური ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობა, მიგრაციული ნაკადებისგან მომდინარე რისკების შემცირება და მკურნალობის დროს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები. საქართველოში ხორციელდება ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს დაავადების გამოვლენას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მკურნალობის დამხმარე მექანიზმების ფუნქციონირებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ქვეყანაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2016-დან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პრევენციული მექანიზმები

ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობაში ჩართვა დაავადების გავრცელების რისკის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა. ეს სისტემური პროცესია და გულისხმობს რეკომენდებულ დროში კონტაქტების გამოვლენას, კლინიკური კვლევისთვის ექიმთან გადამისამართებას და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ჩართვას. მკურნალობის პროცესი შეიძლება იყოს როგორც აქტიური ფორმის, ასევე რისკჯგუფებში − ლატენტური ფორმის ტუბერკულოზისათვის.

საქართველოში ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს. ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ აქვს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც განხორციელდება: ეპიდკვლევის ჩატარების დროულობის კონტროლი და ეპიდკვლევის ჩატარების შემდეგ, გამოკვლეული კონტაქტის ექიმთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

დაავადების ადრეული აღმოჩენისათვის, ეპიდკვლევის დროულობასთან ერთად აუცილებელია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების სათანადო მოცვა, რაც ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევის გარკვეულ რაოდენობას გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით ერთ ინდექს-პაციენტზე გამოკვლეული კონტაქტების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების შემთხვევების ოპტიმალური რაოდენობის გამოვლენას.

ასევე განსხვავებულია ეპიდემიოლოგების პროდუქტიულობა რეგიონების მიხედვით, რაც დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორია ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ტუბერკულოზის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შესაბამის რისკჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 100-ს ჩამოცდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამ ნიშნულს 7 წლის წინ მიაღწია, 5-წლამდე ბავშვების ლატენტურ ტუბერკულოზზე მკურნალობის სათანადო მოცვა უზრუნველყოფილი არ არის.

ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ადამიანების მობილობაა. დაბალი პრევალენტობის ქვეყნებში ტუბერკულოზის შემთხვევების დიდი წილი მიგრანტებში ფიქსირდება. ვინაიდან საქართველოში ინფექციის გავრცელების კლებადი ტენდენციაა, მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებისა და შემცირების მექანიზმი.

პაციენტის მკურნალობაზე დამყოლობის მექანიზმები

ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდისა და მკურნალობისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გამო, პაციენტების დიდი ნაწილი (2019 წელს რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების 19.4%, ხოლო სენსიტიურის − 6.2%) წყვეტს მკურნალობას, რაც განკურნების პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული მკურნალობის დამხმარე დამყოლობის მექანიზმების არსებობა.

საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პერიოდის დაძლევაში დამყოლობის კონსულტანტები, ასევე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ეხმარებიან. აღნიშნული სპეციალისტები არათანაბრად არიან გადანაწილებული ქვეყნის მასშტაბით და სრული სერვისის მიღება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს დამყოლობის სამსახურის ერთიანი სისტემა. თბილისის დამყოლობის სამსახური და რეგიონალური დამყოლობის კონსულტანტები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რაც მუშაობის სხვადასხვა, არაკოორდინირებულ მიდგომას განაპირობებს.

ხარვეზებია დამყოლობის კონსულტაციების ადმინისტრირებაში. არ არსებობს ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი მონაცემები. მხოლოდ თბილისში, 2019 წლიდან დაიწყო ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი ბაზის წარმოება. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯისა, ბაზის სტრუქტურა არ იძლევა პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას. ასევე სახელმწიფო დონეზე არ არსებობს დამყოლობის კონსულტაციების განხორციელების უნიფიცირებული სახელმძღვანელო. მიუხედავად იმისა, რომ დამყოლობის კონსულტაციები ინდივიდუალურად, პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იყოს ორგანიზებული, მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთიანი, წინასწარ გაწერილი მიდგომა, რომელიც საერთო იქნება ქვეყნის მასშტაბით დამყოლობის კონსულტანტებისთვის.

მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირება ხელს უწყობს მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის რეჟიმს არ იცავენ, დამატებითი მაღალი ფინანსური გავლენა აქვთ. შესწავლილ 31 შემთხვევაში, როდესაც პაციენტებმა შეწყვიტეს მკურნალობა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზი განუვითარდათ, სახელმწიფომ მათ მკურნალობაზე 371,405 ლარით მეტი ხარჯი გასწია. ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ტუბერკულოზის მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების გასაძლიერებლად

არანებაყოფლობითი იზოლაცია

საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ განსაზღვრავს არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმს, როგორც უკიდურეს ზომას. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის პერიოდში კანონით დაშვებული მეთოდის გამოყენების საჭიროება 33 შემთხვევაში დადგა, მისი აღსრულების არც ერთი პრეცედენტი არ დამდგარა, აღსრულების შესაბამისი მექანიზმის არარსებობის გამო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა

  • ეპიდემიოლოგიური კვლევების პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარებისა და გამოკვლეული კონტაქტების მიდევნებისთვის, ფთიზიატრთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის უზრუნველყოს ერთიანი სათანადო ბაზის წარმოება და საჭირო კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით შეამოწმებს ეპიდკვლევების მიმდინარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს სათანადო ზომებს;
  • ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევების საქართველოსთვის ოპტიმალურ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგების პროდუქტიულობის მაჩვენებლები რეგიონალურ ჭრილში და საჭიროებისამებრ შესაბამის მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებთან ერთად განიხილოს მოცვის გაზრდის შესაძლებლობები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ

ჩართულ მხარეებთან ერთად უზრუნველყოს შესაბამის რისკჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის მოცვის გაზრდისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად

ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების პროცესის ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის შეიმუშაოს დამყოლობის კონსულტაციების ჩატარების ერთიანი უნიფიცირებული სახელმძღვანელო და ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების აღრიცხვის ერთიანი ბაზა, რომლის სტრუქტურაც უზრუნველყოფს პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ

  • შეიმუშაოს უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის საჭირო პრევენციული მექანიზმი;
  • ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშაოს არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთხიდან თავის არიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი.