სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 29 მაისი, 2020
ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015

ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და მისი წარმატებული განხორციელება საჯარო ადმინისტრირების სანდოობისა და ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რომელიც ასახულია არაერთ საერთაშორისო რეიტინგსა და კვლევაში.

საქართველო 2008 წლიდან შეუერთდა გაერთიანებული ერების კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულია ანტიკორუფციული მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესება. გრძელდება კორუფციასთან ბრძოლაში ჩართული ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან დაახლოების პროცესი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა კორუფციის პრევენციის მიზნით საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2015 წლიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდს მოიცავს.

აუდიტორებმა მოქმედი ანტიკორუფციული ჩარჩოს მიხედვით შეისწავლეს ორი ძირითადი უწყება, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელნი არიან ეროვნულ დონეზე ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებაზე: ანტიკორუფციული საბჭო (იუსტიციის სამინისტროსა და სამდივნოს ნაწილში − პოლიტიკის დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი) და სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო (საჯარო მოსამსახურის ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები და დეკლარაციები).

აუდიტის მიზანია შეაფასოს კორუფციის პრევენციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა და პროდუქტიულობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, ეროვნულ დონეზე კორუფციის პრევენციის ღონისძიებები საჭიროებს გაუმჯობესებას.

საჯარო სამსახურის ბიურომ:

საჯარო მოსამსახურის ეთიკისა და ქცევის წესების აპლიკაციის/პრაქტიკაში დანერგვის სრულფასოვანი ანალიზის მიზნით, უზრუნველყოს საჯარო სექტორში ეთიკის კოდექსის, ასევე საჯარო მოსამსახურის ქცევის წესებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების საჯარო უწყებების მიერ შემუშავებისა და პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგი, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი და გაუმჯობესების საჭიროებების ასახვა სამოქმედო გეგმაში.

იუსტიციის სამინისტრომ / სამდივნომ:

მაქსიმალურად ქმედითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ქვეყანაში კორუფციის პრევენციის მხრივ არსებულ გამოწვევებს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის (მათ შორის, სამინისტროების) ჩართულობა და სათანადო კოორდინაცია, რაც გულისხმობს:

  • მათ მონაწილეობას რისკის შეფასების პროცესში
  • სხვადასხვა უწყების მიერ შეგროვებული სტატისტიკის პროაქტიურ გამოყენებასა და ანალიზს სამოქმედო გეგმის შედგენისას

საჯარო სექტორში რისკის სრული და ერთგვაროვანი შეფასების მიზნით, უზრუნველყოს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი დანერგვა პრაქტიკაში, ასევე ანალიტიკური კვლევების განხორციელება;

საბჭოს სამოქმედო გეგმისა და მიღწეული შედეგების რეალისტური შეფასებისთვის, უზრუნველყოს სამიზნეებისა და შედეგის ინდიკატორების იმგვარად განსაზღვრა, რაც საშუალებას მისცემს შემფასებელს დაადგინოს განხორციელებული ღონისძიების სისრულე და გაზომოს მიღწეული შედეგი.