სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 26 ივნისი, 2020
წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა მნიშვნელოვანია სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენცია მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან ერთად განახორციელა პარალელური აუდიტი - წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (პრევენცია, მზადყოფნა).

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პრევენციული ღონისძიებები

  • 2019 წლიდან არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი (დამტკიცებულია მხოლოდ 2015-2018 წლების დოკუმენტი).
  • 2017 წელს ქვეყანაში პირველად დამტკიცდა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“. სტრატეგიის დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალიზაციას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კერძოდ, რისკის შემცირების სტრატეგიით არ არის გათვალისწინებული წყალდიდობის პრევენციისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სამოქმედო გეგმა არასრულყოფილია, ხოლო გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია (16%) შესრულებული. გეგმით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავადებული და შეუსრულებელია.
  • რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი 2019 წელს არ განხორციელებულა.
  • არ არის დანერგილი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას და შესაძლოა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვიოს.
  • საგანგებო სიტუაციების დაფინანსების სისტემა არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტის შინაარსს. წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნისთვის გამოყოფილი სახსრები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული. ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი განმახორციელებელი უწყებების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც.
  • აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის ბუნებრივი კატასტროფის მოხდენის ალბათობას.
  • მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.

ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში არსებული კოორდინაციის ნაკლოვანებები

  • აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით, უწყებების ორგანიზაციული ფუნქციები არ არის მკვეთრად გამიჯნული, ასევე არ არის დადგენილი მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი და პერიოდულობა. აღნიშნული განსაკუთრებულად აისახება განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე.
  • აუდიტის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, როდესაც ერთ-ერთი უწყების მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა პრობლემა, თუმცა შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის არარსებობის გამო, სხვა უწყებებმა საფრთხეზე რეაგირება დროულად ვერ უზრუნველყვეს.
  • მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, შესაბამისად ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მზადყოფნის დონე დაბალია.

მზადყოფნის ღონისძიებები

  • მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის არ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები - ციფრული რუკები, SMS შეტყობინებები.
  • მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იქმნება სხვადასხვა პროდუქტი - ვიდეოგაკვეთილები, მობილური აპლიკაცია - თუმცა, ისინი არაპოპულარულია და ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. არასაკმარისია არსებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მომხმარებლებისათვის მიწოდების მეთოდები.

რეკომენდაცია N1

პრევენციული ღონისძიებები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს:

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების გზით, ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს: კონკრეტული ობიექტების მშენებლობების ნებართვების გაცემის კანონიერების დადგენა აუდიტის საგანს არ წარმოადგენდა.
  • ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის, კერძოდ საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავება-განახლების პროცესს, ახლად იდენტიფიცირებული ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით; საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია განახლდეს სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს წყალდიდობის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორზე რეაგირების მექანიზმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ყველა ღონისძიებას, პასუხისმგებელ უწყებას და შესაბამის დაფინანსებას. მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმები ატარებდეს პროგრამული ბიუჯეტირების შინაარსს და უზრუნველყოფდეს მიზნების, ქმედებებისა და დაფინანსების ერთმანეთთან დაკავშირებას.
  • განიხილოს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, დახვეწის შესაძლებლობა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციების ზუსტად გამიჯვნის და ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების დაკონკრეტების თვალსაზრისით.
  • ერთგვაროვანი მიდგომებისა და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა კოორდინაცია გაუწიოს: სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის მეთოდოლოგიის შემუშავებას და ხელი შეუწყოს ბუნებრივი კატასტროფების აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის დანერგვას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სტიქიასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (ინფორმაციული ბანკი).
  • სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის, აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების შეფასებისა და საერთო ეკონომიკური ზარალის დათვლისადმი ერთიანი მიდგომებისათვის შეიმუშაოს და დანერგოს ზარალის დათვლის მეთოდოლოგია. ამ მიზნით გამოიყენოს 2016- 2017 წლებში დონორების მხარდაჭერით შემუშავებული შესაბამისი დოკუმენტის პროექტი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:

  • წყალდიდობების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტროს კოორდინაციით, შესაბამისმა უწყებებმა ერთობლივად შეიმუშაონ და საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირონ მდინარის სანაპირო და ჭალის ზონებში მშენებლობის სტანდარტი. ნებართვის გაცემისა და მისი შემდგომი მონიტორინგის სტანდარტის შემუშავებისას, შეისწავლონ და გამოიყენონ საერთაშორისო პრაქტიკა.
  • წყალდიდობის საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ნებართვის გაცემისას არსებული კანონმდებლობის დარღვევის რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს მომეტებული რისკის ზონებში უკვე გაცემული ნებართვების (განსაკუთრებით ახლად გაცემული ნებართვების) გადახედვის საკითხის განხილვაზე/მოგვარებაზე მსჯელობას შესაბამის მუნიციპალიტეტებთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

  • წყალდიდობების შედეგად მოსალოდნელი ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მომეტებული საფრთხის შემცველ (მდინარის ჭალებში), უკვე განაშენიანებულ უბნებში მზადყოფნის ღონისძიებების დაუყოვნებლივ შემუშავება-განხორციელებას (ადრეული გაფრთხილების სისტემა, მოსახლეობის ინფორმირებულობა, საევაკუაციო შესაძლებლობების განსაზღვრა-განვითარება და ა.შ).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

  • წყალდიდობების პრევენციის მიზნით, გააძლიერონ მდინარეთა სანაპირო ზონებში ტყის ჭრის მონიტორინგი.
  • წყალდიდობის პრევენციული ღონისძიებების სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავდნენ მდინარეთა ხეობებში ტყის საფარის აღდგენის ღონისძიებებს და აღნიშნულ საკითხს მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა არსებული რისკების გათვალისწინებით.
  • წყალდიდობის პრევენციის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს მდინარეების გასწვრივ არსებული ტყის უბნების განსაკუთრებული დანიშნულების ფუნქციურ უბნად აღიარების კრიტერიუმის – 300 მეტრის გადახედვა და მდინარეების პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანა.

რეკომენდაცია N2

ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში არსებული კოორდინაციის ნაკლოვანებები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

  • სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართული უწყებების ეფექტიანი კოორდინაციისა და წყალდიდობების პრევენციის მიზნით, სამსახურმა შეიმუშაოს სისტემაში ჩართულ უწყებებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის გეგმა, რომელიც, თავის მხრივ უზრუნველყოფს უწყებების დარეგულირებულ მუშაობას და ყველა შესაბამისი უწყების დროულ ინფორმირებას მათთვის საჭირო მონაცემებთან დაკავშირებით. აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია მეთოდოლოგიურად განისაზღვროს კომუნიკაციის საშუალებები, სიხშირე და ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი.
  • პრევენციული ღონისძიებების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სფეროში მისაღები ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების ინვენტარიზაცია/პრიორიტეტიზაცია და ინიციატივების გზით, დააჩქაროს ამ მიმართულებით არსებული პროცესები. ადგილობრივი დონის საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისა და პროცესის დროულად წარმართვის მიზნით – უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი სწავლებებისა თუ ტრენინგების ორგანიზება, რაც ადგილობრივ თვითმართველობას დაეხმარება ეფექტიანი გეგმების შედგენაში.
  • დანერგოს მუნიციპალიტეტების მიერ რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმების შედგენის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების დადგენილი სტანდარტით შემუშავებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს:

  • იმ მიზნით, რომ არსებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში პროდუქტიულად დაიგეგმოს სხვადასხვა სახის სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებები (ნაპირსამაგრი სამუშაოები), სამინისტრომ უზრუნველყოს სისტემის სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებული კვლევების, დასკვნებისა და ანგარიშების გამოყენება საქმიანობის დაგეგმვის პროცესში.

რეკომენდაცია N3

მზადყოფნის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  • მოსახლეობის ადრეული შეტყობინების არსებული სისტემის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები (SMS შეტყობინებები);
  • უწყებებმა ერთობლივად იმსჯელონ ციფრული რუკების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კოორდინაციით დაგეგმონ და განახორციელონ აქტიური სამუშაოები კატასტროფის რისკების სივრცით რუკებზე დატანის მიმართულებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია სამსახურმა შეიმუშავოს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გეგმა და მეთოდები, რომლებიც მიმართული იქნება შესაბამის სამიზნე ჯგუფებზე. ასევე მნიშვნელოვანია სამსახურმა დანერგოს დაგეგმილი ღონისძიებების შეფასების პრაქტიკა;
  • პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს უკვე შექმნილი პროდუქტების (ვიდეოგაკვეთილები, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) პოპულარიზაცია.