სახელმწიფო აუდიტის სამსახური

20 იანვარი, 2016
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები, კერძოდ:

  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე ლოტების ჯამურმა ოდენობამ 78 შეადგინა, რომელთაგან 63 ლოტზე განაცხადი არ შესულა. შესაბამისად, არშემდგარ ლოტებზე განთავსებულ ობიექტებს უნდა შეეწყვიტათ ფუნქციონირება, თუმცა აუდიტით ირკვევა, რომ ობიექტები კვლავ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას და ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული რაიმე სახის სამართლებრივი მოქმედების შესახებ აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი; 
  • 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადაუხდელად ირიცხება,  საიჯარო გადასახადი 5,2 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც დავალიანებად არ არის აღრიცხული;
  • აუდიტით დადგენილია, რომ სამ შემთხვევაში, შვებულებაში მყოფ მუშაკებზე, 2013 წლის მაისის თვეში პრემიის სახით დარიცხული და გაცემულია 1,3 ათასი ლარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საპრემიო კომისიის სხდომის ოქმებში არ არის მოცემული ინფორმაცია მუშაკების წახალისების კონკრეტული საფუძვლების შესახებ;
  • 2013 წელს ქონების გადასახადით არ არის დაბეგრილი ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები და სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების  მიზნებისათვის ბაზრის კვლევის ამსახველი რაიმე  დოკუმენტური სახის მტკიცებულება, რითაც განისაზღვრებოდა სამსახურისთვის მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობები. 

 აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომედაციები.