სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ააიპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2012 და2013 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის მიზანი იყო სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან, სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება.
გარკვეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სააგენტომ ვერ წარმოადგინა ხარჯვის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია, კერძოდ:
2012 წლის 27-28 აპრილს, ქ. ბათუმში, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზისა და სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე გადახდილია 12,613 ლარი. სასტუმროს ნომრები გათვალიწინებული იყო 88 კაცზე, თანხით - 5,344 ლარი, ხოლო ბანკეტის ხარჯი შეადგენდა 7,269 ლარს. მსგავსი მომსახურების შესყიდვა ასევე განხორციელდა 2012 წლის 5 ივნისს, ღირებულებით 19,919 ლარი. სასტუმროს ნომერი გათვალისწინებული იყო 131 კაცზე, თანხით 9,473 ლარი, ხოლო საბანკეტო მომსახურებისთვის - 10,446 ლარი.
წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებში შეუძლებელია სტუმრების იდენტიფიცირება. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა სულ - 32,532 ლარის ოდენობის გაწეული ხარჯის მიზნობრიობის დადგენა.
- „აგროტურის“ პროექტის განსახორციელებლად, სულ შეძენილია 280,477 ლარის ღირებულების საწვავი. თითოეულ ავტობუსსა და მიკროავტობუსზე დამონტაჟებული იყო GPS მოწყობილობა, რომლითაც უნდა გაკონტროლებულიყო მათი გადაადგილება, თუმცა არ ინახება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ GPS სისტემის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, ამიტომ ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ როდის და სად გადაადგილდებოდა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, შეუძლებელია 280,477 ლარის ღირებულების საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა.
ქ. ბერლინში გამოფენის მოწყობის მიზნით გაწეულ ხარჯზე, SOVADA IMS LTD-ის მიერ წარმოდგენილია 2 ინვოისი, საერთო თანხით - 175,000 ევრო, თუმცა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოსა და შემსრულებელს შორის არ გაფორმებულა. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 364,931 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე.
ფონდს 2012 წლის ივლისში დაევალა ქ.ლონდონში, ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი „ქართული დღეების“ გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება.
ღონისძიება მიმდინარეობდა 2012 წლის 29 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. გაურკვეველია, რატომ არის ფონდის მიერ 4 თვის ვადით დაქირავებული სასტუმრო და პავილიონის. ასევე ვერ დადგინდა იმ პირთა რაოდენობა და მონაცემები, ვინც სარგებლობდა ამ აპარტამენტებით, რაშიც ჯამურად გადახდილია 26,000 ფუნტი სტერლინგი.
იხ. სრული ანგარიში
