სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 02 თებერვალი, 2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 20.8% და 19.9% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,116.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. 

ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია. 

გამოუყენებელი აქტივები - მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია. შედეგად, 65.8 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული პროექტით გათვალისწინებული მიზნები.

მუნიციპალური სერვისების მიწოდება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

ქონების მართვა და განკარგვა 

ქონების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი გასხვისების შემდგომ საჯარო რეესტრში ვალდებულების გარეშე დარეგისტრირდა. შედეგად, საფრთხე შეექმნა ძეგლის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა 

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯი გამოიწვია.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
 

ადიგენის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:  

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის განწერისას გამოიყენოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. 

რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ შეიმუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესი და განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას. აღნიშნული უზრუნველყოფს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №5: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებას, მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე; აღნიშნული შეამცირებს მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის დახარჯულ რესურსს და ამასთანავე, გაზრდის მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელს.