სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში 25,787.7 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა.
• სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის საჯარიმო სანქციები. შედეგად, გახანგრძლივდა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების პროცესი და ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს
• მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ვერ დააწესა შესაბამისი კონტროლი და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ სამუშაოები დასრულებულიყო დროულად. შედეგად, დაუსრულებელია რამდენიმე ობიექტი და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი მატერიალური სიკეთით
• მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს. მუნიციპალიტეტში არ მუშაობს საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი
• ტექნიკური ზედამხედველის მიერ განხორციელებული საქმიანობა ხასიათდება სისტემური ხარვეზებით. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან/და საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე
• მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა სრულად ვერ მიიღეს ქონების გაქირავებით მისაღები საიჯარო შემოსავლები. შედეგად, ფინანსური ზიანი მიადგა ორგანიზაციის ინტერესებს
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
• ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, იჯარის ფორმით, ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. ასევე მუნიციპალიტეტის განუკარგავი ქონების ნაწილი გამოიყენება არაუფლებამოსილი პირების მიერ, რაზეც მერიას შესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებია
• მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით
• შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.