სახელმწიფო აუდიტის სამსახური

13 თებერვალი, 2017
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი”-ს აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016, 2015, 2014, 2013, 2012, 2011

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი”-ს   2011-2016  წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  1. ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები;
  2. ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები 2011-დან 2015 წლამდე პერიოდში აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე. ორგანიზაციაში არ არსებობდა სასაწყობე აღრიცხვის სისტემა, შესყიდული ფასეულობების გადაცემა ხდებოდა პასუხისმგებელი პირების მითითების გარეშე. 2016 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა როგორც ზედმეტობა, ასევე 4 ათასზე მეტი დასახელების აქტივების დანაკლისი;
  3. გადაუდებელი აუცილობლების არსებობასა და სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საჭიროებაზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება;
  4. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას შუალედური ანგარიშსწორება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წარმოებდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი შუალედური ფორმა N2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გარეშე მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
  5. ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაუცველად ხელშეკრულებების გამარტივებული შესყიდვის საშულებით გაფორმების შემთხვევებს;
  6. ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად ხელშეკრულებების გაფორმებას საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებთან, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;
  7. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმების დარღვევის ფაქტებს. მივლინების ბრძანებებში არ იყო ინფორმაცია თუ რამდენი დღის მიხედვით ხდებოდა სასტუმროს ხარჯის ანაზღაურება. ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებით არ იკვეთება მივლინების მიზანი და ის ზოგადი ხასიათისაა. ვერ იქნა წარმოდგენილი ღონისძიებებზე ოფიციალური მოწვევები და ინფორმაცია მივლინებით მიღწეულ შედეგებზე;
  8. საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციონირების საჭიროების არარსებობის მიუხედავად, შეუძლებელია დადგინდეს მისი ლიკვიდაციის სავარაუდო ვადა;
  9. მასშტაბის შეზღუდვის  გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება, რაც საფუძველი იქნებოდა აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად თუ რამდენად შესაბამისობაშია საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.