პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა წელს მეორე სხდომა გამართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ეფექტიანობის აუდიტის ორი ანგარიში წარადგინეს.
„სახელმწიფოს მიერ 2017-2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში სამუშაო ჯგუფის წევრებს საერთო დანიშნულების სახელმწიფოს მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა გააცნო. აუდიტი რვა სხვადასხვა პროფილის საჯარო უწყებაში ჩატარდა და განსხვავებული იყო როგორც მიგნებები, ისე გაცემული რეკომენდაციები. აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსებზე ისაუბრეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ წარუდგინა პრეზენტაცია „საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშის შესახებ. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მიგნებები საჯარო მოხელეების აღრიცხვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. აუდიტს სამი ობიექტი ჰყავდა და ყველა მათგანი ეთანხმება ანგარიშში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა აუდიტორებთან ერთად სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. პარლამენტის წევრებმა აუდიტის მიგნებებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების წარმომადგენლებს. აუდიტის ობიექტებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც რეკომენდაციების შესრულების ეტაპზე ხვდებათ.


