სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა USAID-ის მხარდაჭერით და აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) თანამშრომლობით, აუდიტის რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების და პრაქტიკის დანერგვა დაიწყო.
ამ მიმართულებით აუდიტორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, 18-26 მარტს აუდიტის დახელოვნების ცენტრის ექსპერტებმა ბეკი კენედიმ და სტივ ლორდმა ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებასა და მის შედეგებზე 25 აუდიტორს ტრენინგი ჩაუტარეს, სადაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების შემუშავების პროცესი და პრაქტიკა განიხილეს.
რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასება გულისხმობს რეკომენდაციის შედეგად მისაღები პოტენციური სარგებლის გაზომვადი ფორმით წარმოდგენას. რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მიდგომა GAO-CAE-ის ექსპერტების მენტორობით სამსახურმა ოთხ საპილოტე აუდიტში გამოიყენა.
ეფექტიანობის აუდიტში აუდიტორთა პროფესიული გაძლიერების მიზნით აუდიტის დახელოვნების ცენტრის (GAO-CAE) ექსპერტებმა გასულ წელს 50-ზე მეტი აუდიტორისთვის სამი ტრენინგი ჩაატარეს.
რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მაღალი ინსტიტუციური განვითარების დონეზე მიუთითებს.
აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პროგრამის განვითარებისთვის ასევე სამუშაო შეხვედრები გამართეს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
ბეკი კენედი და სტივ ლორდი ასევე დაესწრნენ საქართველოს პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომას, სადაც ეფექტიანობის და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
