პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი სხდომა გამართა, სადაც სახელმწიფო აუდიტორებმა ეკონომიკური სფეროს ორი ანგარიში წარადგინეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პარლამენტარებს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 2020 წლის აუდიტის ანგარიშში“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის აუდიტზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, განსაკუთრებით რეკომენდაციების შესრულების ვადებთან დაკავშირებით. პარლამენტარების კითხვებს აუდიტის ობიექტმა - გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო აუდიტორებმა უპასუხეს.
პარლამენტარებმა ასევე მოისმინეს მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლის საქმიანობას ეხებოდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და აუდიტის ობიექტმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსსა და მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ: გენერალური აუდიტორის მოადგილე − დავით გოგიჩაიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი ნანა ვაჩაძე და ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი მაკა ჭიხორია.


