პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ეფექტიანობის აუდიტის ორი ანგარიში წარადგინეს.
საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში პარლამენტარებს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა მარიამ მაღრაძემ გააცნო. ანგარიშის ფარგლებში ექვსი სახელმწიფო უწყების შემოწმება განხორციელდა, რათა გამოკვეთილიყო, არის თუ არა უზრუნველყოფილი საჯარო სექტორში IT პროექტების დროულობა და ხარჯების აღრიცხვა / ბიუჯეტირება, რამდენად ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმებია შემუშავებული მთავრობის მიერ IT პროექტების განხორციელებისას და რამდენად ეფექტიანია საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური გარემო IT პროექტების მართვისათვის. ანგარიშში ასახული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ აუდიტორებმა პარლამენტართა კითხვებსაც უპასუხეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა ასევე წარუდგინა „მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში. სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციების შესრულების სტატუსთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ აუდიტის ობიექტთან-იურიდიული დახმარების სამსახურთან.
შეხვედრის მონაწილე აუდიტის ყველა ობიექტმა განაცხადა, რომ ეთანხმებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მათი დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ან მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.


