პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტორებმა ეფექტიანობის ორი ანგარიში წარადგინეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტებს, აუდიტორებმა „ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) აუდიტის ანგარიშსა“ და „ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიშში“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს.
ანგარიშების განხილვისას სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხეს.
აუდიტის ობიექტებმა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის (ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარმომადგენლებმა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სტატუსებზე ისაუბრეს და ანგარიშებში ასახულ მიგნებებზე საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.
პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ: გენერალური აუდიტორის მოადგილე − დავით გოგიჩაიშვილი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი − სოფიო დვალიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კეკელიშვილი.


