სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა IPSAS სტანდარტებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკები განიხილეს  03 ივლისი, 2023

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ ტექნიკური დახმარების პროექტის „გარე აუდიტის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის საჯარო სექტორის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IPSAS) დაკავშირებით სემინარი გაიმართა. 

მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 27 აუდიტორს IPSAS სტანდარტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. 

სემინარს საჯარო სექტორში ფინანსური მართვის დამოუკიდებელი კონსულტანტი ვეინ ბარტლეტი და აუდიტის სფეროს ექსპერტი ზურაბ მამუკელაშვილი უძღვებოდნენ. 

პროექტის ფარგლებში პროფესიული ტრენინგები ასევე მოიცავს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებისათვის წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული პროცედურების და IT აუდიტში ხარისხის გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას. 

პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორების პროფესიული განვითარების მიზნით 2022 წლიდან ხორციელდება და 100-ზე მეტმა აუდიტორმა უკვე გაიარა სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი.