სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 19 თებერვალი, 2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროგრამული ხარჯები

პროგრამით გაწეული არამართლზომიერი ხარჯები - ქვეპროგრამა „აფხაზეთის დღის“ განხორციელებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ პირდაპირი დაფინანსების წესით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შესაბამისი ტენდერის გარეშე, გააფორმა ხელშეკრულება მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოგზავნილ წერილზე თანდართული ინვოისის შესაბამისად წარმოდგენილ კომპანიასთან. აღნიშნულით წარმოიქმნა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი.

პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება

პროგრამების/ ქვეპროგრამების შემუშავებისას არსებული ხარვეზები - ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ზოგადი და არ არის გაზომვადი, ასევე არ არის გაწერილი მოსალოდნელი შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორები, შესაბამისად, შეუძლებელია განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამებით დასახული მიზნების მიღწევის შეფასება.

ქვეპროგრამის განხორციელების ხარვეზები

  • ქვეპროგრაა „სამუსიკო დიალოგის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ჩასატარებლად განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა გამოცხადებული ტენდერით გამოვლენილ გამარჯვებულთან. თუმცა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეცვლის მიუხედავად, ხელშეკრულებაში არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილება, რითაც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა;
  • ქვეპროგრამა „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ ფარგლებში საბიუჯეტო სახსრები სრულად ვერ იქნა ათვისებული, რითაც საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იქნა გამოყენებული. ქვეპროგრამა „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის პედაგოგთა ტრენინგი“ არ განხორციელდა. ასევე არ განხორციელებულა ქვეპროგრამა „მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრების ორგანიზების“ ფარგლებში ღონისძიება „ქალის როლი საზოგადოებაში“.

ქვეპროგრამების კლასიფიკაციაში არსებული ხარვეზები

  • ქვეპროგრამა „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის“ ფარგლებში გამოვლინდა ორი შემთხვევა, როცა აღნიშნული ქვეპროგრამით დაფინანსებული ღონისძიება წარმოადგენდა სხვა ქვეპროგრამის („საღამოები“) ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს;
  • განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი ქვეპროგრამა: „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“ და „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“. პროცედურულად აღნიშნული ქვეპროგრამები კონკრეტული მიმართულების ღონისძიებებია და მათი ცალ-ცალკე წარმოდგენა ქმნის საბიუჯეტო სახსრების არაეფეტიანად ხარჯვის რისკებს.

ქვეპროგრამების საოქმო გადაწყვეტილებების პროცესში არსებული ხარვეზები - ქვეპროგრამა „სპორტულ ინიციატივათა მხარდაჭერის“ ფარგლებში, 2019 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემული თანხების შესახებ საოქმო გადაწყვეტილებები არ არსებობდა, რა დროსაც ჯამში გადაირიცხა 4,029 ლარი. აღნიშნული გარემოება, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის რეკომენდაციით შეიცვალა, თუმცა ფაქტი გაუმჭვირვალე პროცესების არსებობაზე მიუთითებს.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზები - ქვეპროგრამის „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისთვის“ ღონისძიების ფარგლებში, შესყიდული იქნა სსიპ − „თეთრი ტალღის“ მომსახურება, რაც გულისხმობდა საახალწლო ზეიმის ჩატარებას დევნილი ბავშვებისათვის თბილისსა და ზუგდიდში. ღირებულება აღემატებოდა შესყიდვების კანონმდებლობით დაწესებულ მონეტარულ ზღვარს და ქვეპროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობა წარმოადგენდა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს. შესაბამისად, მომსახურების შესაძენად უნდა გამოცხადებულიყო ელექტრონული ტენდერი, რაც არ განხორციელდა.

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზები - სამინისტროს მიერ წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად განხორციელებული წლიური ხარჯებით წარმოდგენილ მონაცემებს. კერძოდ, წლიურ გეგმაში არ იქნა შეტანილი 34,029 ლარის ცვლილება, რაც მიუთითებს შესყიდვების დაგეგმვის/განხორციელების პროცესში არსებულ კონტროლის მექანიზმების მნიშვნელოვან ხარვეზებზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს

რეკომენდაცია N1:

სამინისტრომ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელებისას, უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების მართლზომიერ/ეკონომიურ ხარჯვასა და შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის რისკების თავიდან აცილებას.

რეკომენდაცია N2:

სამინისტრომ და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა სამსახურებმა, პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებისას უზრუნველყონ მოსალოდნელი და ფაქტობრივად მიღწეული შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე პროგრამის სამიზნე ჯგუფებისა და მათი მოთხოვნების სათანადოდ შესწავლა, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი პროგრამული ბიუჯეტის შესრულებასა და პროგრამებით/ქვეპროგრამებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

რეკომენდაცია N3:

სამინისტროს მიერ გამკაცრდეს კონტროლი, საქონლის/მომსახურების შესყიდვის საშუალების განსაზღვრისას, 5000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის დროს, ტენდერის პროცედურების ჩატარების აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნასა და ეკონომიურობის პრინციპის დაცვას. ასევე ფაქტობრივი შესყიდვების, გეგმასთან შეუსაბამობის რისკების შესამცირებლად, შემუშავდეს დამატებითი კონტროლის ქმედითი მექანიზმი.