სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების 2020-2021 წლების ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება
კულტურის მუშაკთა ხელფასები - გამსახურდიას თეატრის, თეატრ „თეთრი ტალღის“, ანსამბლ „აფხაზეთისა“ და საგუნდო კაპელის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ და ბევრად ნაკლები იყო საქართველოში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა საშუალო ხელფასზე.
სპორტული მწვრთნელების შრომის ანაზღაურება - სააგენტოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყვნენ მწვრთნელები, რომელთა ნაწილი ფედერაციებში, ხოლო ნაწილი - კლუბებში მოღვაწეობდა. ხელშეკრულებით დასაქმებული მწვრთნელების ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 113,000 ლარი. როგორც დადგინდა, მაშინ როდესაც არსებობდა სპორტსმენთა უფასოდ წვრთნა-მომზადების შესაძლებლობა, სააგენტომ ამ მომსახურებაში გადაიხადა საბიუჯეტო სახსრები. ასევე სააგენტო შრომის ანაზღაურებას უხდიდა კომერციული მიზნით შექმნილი კონკრეტული კლუბების მწვრთნელებს, მაშინ როდესაც ამ კლუბების გარდა არსებობს აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სხვა მრავალი სპორტული კლუბი. შესაბამისად, სპორტსმენთა საწვრთნელი მომსახურების ალტერნატივების განხილვა-შეფასების არარსებობის, დასაქმებულ მწვრთნელთა შერჩევის დაუსაბუთებლობისა და არასათანადო კონტროლის შედეგად, შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკები.
ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი“ - კულტურის სააგენტომ გამოსცა ჟურნალი „რიწა“ და საყმაწვილო-საბავშვო ჟურნალი „იალქანი“. ჟურნალების გამოცემა შინაარსის მიხედვით წარმოადგენდა სუბსიდირების პროგრამას, თუმცა ჟურნალების გამოცემის მიზნით პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპით არ იყო შექმნილი შესაბამისი პროგრამა და მათი გამოცემის ხარჯების დაფინანსება ხორციელდებოდა სააგენტოს აპარატის პროგრამული კოდიდან. ეს უკანასკნელი შინაარსით მიეკუთვნება მართვის და რეგულირების სახის პროგრამას. გარდა ამისა, ჟურნალებისათვის არ იყო დადგენილი სარედაქციო პოლიტიკა და არ იყო დანერგილი მიმდინარე პროცესების ქმედითი კონტროლის მექანიზმები, რამაც წარმოქმნა 147,65 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკები.
ადმინისტრაციული ხარჯები
ადმინისტრაციული ხარჯები - სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სამორიგეო ავტომანქანისათვის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული იყო საწვავის მოხმარების წლიური ლიმიტი, თუმცა გამოვლინდა ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევები, რადგან მივლინების ფარგლებში სამსახურებრივი ავტომობილის გამოყოფის შემთხვევაში, ბრძანებაში არ იყო მითითებული მივლინებისთვის დამატებითი რაოდენობით საწვავის გამოყოფა.
არაფინანსური აქტივები
გამსახურდიას თეატრის აქტივები - 2020–2021 წლებში დადგენილი წესით გამსახურდიას თეატრში ინვენტარიზაციები არ ჩატარებულა. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პირის ბრძანებებით, საინვენტარიზაციო კომისიის წევრები იყვნენ თეატრის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები; ასევე გამსახურდიას თეატრის სარგებლობაში არსებული საკონცერტო დარბაზი გამოიყენებოდა ძალიან მცირე დატვირთვით და უმეტესი პერიოდი თავისუფალი იყო, ხოლო სალაროს მოსაწყობად გადმოცემული ფართი თეატრმა ვერ გამოიყენა დასახული მიზნის მისაღწევად, სარგებლობის 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უძრავი ქონების არარაციონალურად გამოყენებით თეატრმა დაკარგა შემოსავლები.
ანსამბლ „აფხაზეთის“ აქტივები - ანსამბლ „აფხაზეთის“ სარგებლობაში არსებული ფართი წარმოადგენს სავარჯიშო დარბაზს და განკუთვნილია ანსამბლის მოცეკვავეთა სარეპეტიციოდ. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სათანადოდ არ ხორციელდებოდა დარბაზის გამოყენების კონტროლი. გარდა ამისა, ანსამბლ „აფხაზეთის“ სარეპეტიციო დარბაზში ანსამბლის პედაგოგი ამეცადინებდა ბავშვებს და ამ მომსახურებისთვის არადევნილი ბავშვების მშობლებისაგან იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა კანონმდებლობის დარღვევით, აღნიშნულ პედაგოგს დართო ნება, რომ ანსამბლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება პირადი სამეწარმეო მიზნებისათვის გამოეყენებინა.
კულტურის სააგენტოს აქტივები - კულტურის სააგენტო სარგებლობაში არსებულ, წყნეთში მდებარე ფართის მხოლოდ ნაწილს იყენებდა თავისუფალი ჭიდაობისა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიშებისათვის. აღნიშნული უძრავი ქონების გამოყენებაზე სააგენტოს არ აქვს დანერგილი კონტროლის კონკრეტული მექანიზმები.
სააგენტოს სარგებლობაში არსებულ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფართს − სარეპეტიციოდ, ინვენტარის შესანახად და საოფისედ იყენებდა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“, რომელიც ფუნქციონირებდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამავდროულად, სააგენტო შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა შრომის ანაზღაურებას ამ ანსამბლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებზე, ხოლო კონტროლის მექანიზმი არ იყო დანერგილი.
სააგენტოს სარგებლობაში არსებული − თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ფართი წარმოადგენდა ღონისძიებებისა და გამოფენების გასამართავად მოწყობილ არტ-გალერეას, თუმცა აუდირებულ პერიოდში ის გამოიყენებოდა მხოლოდ სააგენტოს და აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურების მიერ უსასყიდლოდ. სააგენტოს არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები აღნიშნული ფართის იჯარით გასაცემად, რის გამოც ვერ მიიღო შემოსავლები.
აგრეთვე, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ 8,1 ჰა მიწის ნაკვეთზე სააგენტოს დონორების დაფინანსებით უნდა აეშენებინა სპორტ-კომპლექსი, თუმცა სააგენტოს მიერ განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად შემუშავებული არ არის პროექტი და არც დაფინანსების გამცემი დონორია მოძიებული.
საკუთარი შემოსავლები
საკუთარი შემოსავლები - აუდიტის პერიოდში განათლების სამინისტროს სსიპ-ები, გარდა ბიუჯეტის დაფინანსებისა, ასევე იღებდნენ საკუთარ შემოსავლებს კონცერტების/სპექტაკლების ბილეთებისა და აბონემენტების რეალიზაციით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების და უძრავი ქონების იჯარიდან მიღებული თანხებით. სსიპ-ების მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, არ იყო შემუშავებული შესაბამისი წესი. ამასთანავე, სსიპ-ების სარგებლობაში იყო უძრავი ქონება, რომელიც არ იყო დატვირთული სრულად და შესაძლებელი იყო მოსარგებლის მიერ მათი იჯარით ან სხვა კანონით დაშვებული ფორმით გაცემა. მიუხედავად ამისა, მათ აღნიშნული საბიუჯეტო რესურსი შემოსავლების მიღების მიზნით არ გამოუყენებიათ.
პროგრამული ხარჯები
პროგრამების/ქვეპროგრამების დაგეგმვა - კულტურის სააგენტოს მიერ აუდირებულ პერიოდში ხორციელდებოდა პროექტები, რომლებიც მტკიცდებოდა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტების სახით დაფინანსების განხორციელებას მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს და პროექტების მიზნების გათვალისწინებით აღნიშნული პროექტები წარმოადგენდა სუბსიდირების შინაარსის პროგრამებს/ქვეპროგრამებს, სააგენტოში 2021 წლის აპრილამდე არ იყო შექმნილი შესაბამისი პროგრამები/ქვეპროგრამები და პროექტების ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოს აპარატის პროგრამული კოდიდან, რომელიც შინაარსით წარმოდგენს მართვის და რეგულირების სახის პროგრამას.
პროგრამების/ქვეპროგრამების ინდიკატორები - კულტურის სააგენტოს 2021 წლის ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები ხშირ შემთხვევაში იყო ძალიან ზოგადი და არაგაზომვადი; ასევე არ იყო სათანადოდ გაწერილი, მოსალოდნელი შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორები, მათ შორის, ხარისხობრივი ინდიკატორები.
პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელება - ქვეპროგრამების დაგეგმვის პროცესში პოტენციური ბენეფიციარებისა და მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია შესწავლილი იყო არასათანადოდ, ასევე ვერ იქნა გათვალისწინებული ისეთი რისკები, რომლებიც ქვეპროგრამის დაგეგმვის/დამტკიცების ეტაპზეც ცნობილი უნდა ყოფილიყო პროგრამის განმახორციელებლებისთვის.
ორგანიზაციული საქმიანობა
ორგანიზაციული საქმიანობა - დებულებებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად, ორგანიზაციების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობა მნიშვნელოვნად შეესაბამებოდა განსაზღვრულ მიზნებს, თუმცა რიგი მიზნების მისაღწევად არ იყო ჩატარებული საკმარისი ღონისძიებები. გამსახურდიას თეატრისა და თეატრ „თეთრი ტალღის“ მიერ ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო მონაცემებს, რაც მიუთითებს თეატრების ხელმძღვანელობის მხრიდან მათთვის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად შესრულების მიზნით არასაკმარისი ღონისძიებების გატარებაზე; ასევე ფიქსირდება კულტურის სააგენტოსა და განათლების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მხრიდან დუბლირების შემთხვევები.
კონტროლის გარემო
კონტროლის გარემო - სსიპ-ების გარემოს შესწავლით გამოვლინდა, რომ ორგანიზაციების კონტროლის გარემო გამოირჩეოდა ნაკლოვანებებით და მხოლოდ პრაქტიკაში დამკვიდრებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების ეფექტიანად თავიდან აცილებას/პრევენციას ან გამოვლენასა და გასწორებას. კონტროლის პროცედურების ფორმალური ინსტრუქციების (სახელმძღვანელო, კოდექსი, წესი) არარსებობა მიუთითებს ორგანიზაციების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკებზე.