სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად ერთობლივი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მომზადდა  21 მაისი, 2021

საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მონაწილეობით საერთაშორისო, პარალელური აუდიტის ანგარიში გამოიცა.

ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტი პარალელურ რეჟიმში სამ ქვეყანაში ჩატარდა, რის საფუძველზეც ერთობლივი ანგარიში მომზადდა. საერთაშორისო პარალელურ აუდიტს კოორდინაციას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწევდა.

საერთაშორისო აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი სახის საერთო მიგნებები:

  • სტრატეგიული ხარვეზები - არარეალური მიზნები და ინდიკატორები; სამოქმედო გეგმების არარსებობა და საჯარო უწყებების საქმიანობის  არასაკმარისი კოორდინაცია;
  • სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ნაკლებობა - მათი განაწილებისა და პროდუქტიულობის ნაკლოვანებები, რაც ხელს უშლის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და რისკჯგუფების სათანადო დაფარვას;
  • ეპიდემიოლოგიური კვლევების დაგვიანებით განხორციელება, რაც გავლენას ახდენს დაავადების გავრცელებაზე;
  • სამედიცინო პერსონალის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის კვალიფიკაციის პრობლემები;
  • შეწყვეტილი მკურნალობის პრობლემა და დაავადების რეზისტენტული ფორმის მაღალი მაჩვენებლები; 
  • საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა და დაავადების სტიგმატიზაციის პრობლემა;
  • ინფრასტრუქტურული პრობლემები.

აუდიტის მიგნებების საპასუხოდ გაიცა გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) - აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში განხორციელდა.