სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის ცოტნე ყავლაშვილის, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
გენერალურმა აუდიტორმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა USAID-თან ერთად მიმდინარე პროექტების სტატუსის შესახებ და სამომავლო განვითარების წინადადებები წარუდგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ერთად ახორციელებს სამსახურის აუდიტორული მიმართულების მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების პროექტებს.
კერძოდ, ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით აუდიტორებმა გაიარეს აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის აუდიტის დახელოვნების ცენტრის ტრენინგები.
ასევე ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების და გაცემული რეკომენდაციების გავლენის შეფასების მიმართულებით, ჩატარდა ერთი და მიმდინარეობს ორი საპილოტე აუდიტი.
გენერალურმა აუდიტორმა ელჩს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განმეორებითი შეფასების SAI PMF შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სამსახურმა უმაღლესი შეფასება მიიღო.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა გამოხატეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი მხარდაჭერა მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში.


