აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ფინანსური აუდიტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ბალანსს 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს. აუდიტის შედეგად გამოვლენილი იქნა შემდეგი გარემოებები:
- მემორანდუმით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადების, მისი განხორცილების ეტაპებისა და ბენეფიციართა დაცვის სხვა მექანიზმების განუსაზღვრელობის პირობებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ამხანაგობა „წაბლანა-2015“-სთვის გაწეულია 1 550.0 ათასი ლარის თანადაფინანსება, შედეგად მაღალია პროექტის განუხორციელებლობის რისკი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბენეფიციართა საბინაო პრობლემების მოგვარებას.
- 2016 წლის განმავლობაში, სულ გაცემულია 683.6 ათასი ლარის ოდენობის დანამატი. აუდიტის ობიექტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დანამატების გაცემის მატერიალური კანონიერების (ზეგანაკვეთური ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების) დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული, 91.6 ათასი ლარის ნარჩენი ღირებულების Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფები, არსებობის ვადით, მოქმედი რეგულაციეთან შეუსაბამოდ გადაცემული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოზე. კერძოდ, გადაცემა ასახული იქნა ნაცვლად კაპიტალური გრანტისა, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯებით.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრა 4,724.2 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტი - 4,529.2 ათასი ლარით. მთავრობის აპარატის 2016 წლის მთლიანმა საკასო ხარჯმა შეადგინა 4,158.2 ათასილარი, რაც დაზუსტებული ბიუჯეტის 91.9%-ია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა შესაბამისი აუდიტის ანგარიში, რომელიც გაეგზავნა აუდიტის ობიექტს.