სახელმწიფო აუდიტის სამსახური

02 თებერვალი, 2018
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საცხოვრებელი ობიექტების მართვა-განკარგვა
პერიოდი: 2017, 2016, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საცხოვრებელი ობიექტებვის მართვა-განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს. შესწავლილი იქნა აჭარის რეგიონში რამდენად მოქნილი და გამართულია ეკომიგრანტთა უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი და რამდენად განსაზღვრულია ერთიანი კრიტერიუმები საცხოვრებელი ობიექტების გამოყენებასთან მიმართებით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა:

  • 2016-2017 წლებში ეკომიგრანტთა მიერ 64 შემთხვევაში შეირჩა ისეთი საცხოვრისები რომელთა ღირებულება  მნიშვნელოვნად (რიგ შემთხვევაში 2-ჯერ და მეტად) აჭარბებდა დახმარების სახით მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებას. ისეთი ბინების შეძენა, რომლებიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოითხოვს პროგრამის ბენეფიციარების მხრიდან მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციას, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ.
  • 2016 წელს დაფინანსებული 96 ეკომიგრანტიდან 18%-მა შეისყიდა საცხოვრებელი ბინები, რომელთა ფართობი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით არ არის თანაფარდობითი ოჯახის სულადობასთან მიმართებით.
  • 2016 წელს შესყიდული ალტერნატიული ფართების მიუხედავად, ეკომიგრანტთა 47%-მა არ დატოვა სტიქიური განვითარების ზონა და კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებზე ბინების განაწილების პროცესი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.
  • ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის განხორციელება, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს საშუალებას მისცემდა ხელმისაწვდომ ფასად შეესყიდათ საცხოვრისები ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. თუმცა აღნიშნული ღონისძიების განხორციელება დაიწყო იმ პირობებში, როდესაც არ იყო ჩატარებული კონკრეტული კვლევები სამიზნე ჯგუფებზე და დროულად არ იყო განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები, საერთო ჯამში პროექტის განხორციელება შეჩერებულია.
  • როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე მუნიციპალური ქონების საცხოვრებელი ფონდის შექმნის პროცესში, მათი შემდგომი გამოყენების მიზნები არ არის განსაზღვრული,  რისთვის და რა კრიტერიუმებით უნდა იქნეს გამოყენებული მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ობიექტები. მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკის საცხოვრებელ ობიექტებზე სრულად არ არის იდენტიფიცირებული   თვითნებურად   დაკავებული ქონებები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა აუდიტის ანგარიში და აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა  შესასრულებლად აუდიტის ობიექტებს დაწყებული აქვთ მუშაობა.