სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 15 სექტემბერი, 2023
აჭარის ა/რ სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ა/რ სამინისტროების მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავი დაწესებულებები.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს/მომსახურების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა

ბაზრის კვლევის ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული. აღნიშნულის გამო, ტენდერებზე შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13,450,150 ლარით.

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებების და შიდა კონტროლის სისუსტის გამო, მხარჯავი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხდება არსებული რისკების შეფასება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოიწვია.

ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში არსებული ხარვეზები - სამინისტროების მიერ დანერგილმა კონტროლის სისტემამ სრულად ვერ უზრუნველყო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ექსპერტიზის სათანადო მონიტორინგი და არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება.

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

სატენდერო დოკუმენტაციის ხარვეზები - სამინისტროს მიერ ორ შემთხვევაში, საკონკურსო და სატენდერო პირობები არასრულფასოვნად არის განსაზღვრული, რაც პრეტენდენტთა მხრიდან მათი არაერთგვაროვანი გაგების (აღქმის) რისკებს წარმოშობს.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულება

მიწის ნაკვეთების უფასო დამუშავება -  აგროსერვის ცენტრმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო „აგრო-მომსახურების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შედეგად, 261 ჰექტარით შემცირდა პროგრამით დაგეგმილი ფართობი, ხოლო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით ვერ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია, ცალკეულ ფერმერთან კომპონენტების მიხედვით, ფაქტობრივად დამუშავებული ნაკვეთის ფართობების შესახებ.
 

სამინისტროებს 

რეკომენდაცია N1:

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ბაზრის კვლევის ეტაპზე სათანადო და სანდო ინფორმაციის მოპოვება-შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ არსებული მოთხოვნების სწორ და ადეკვატურ განსაზღვრას.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია N2: 

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ხარვეზების დროულად გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ასევე ექსპერტების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგს და მის შედეგებთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებების გატარებას.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია N3: 

შემუშავდეს და დაინერგოს შესყიდვის პროცესის მართვის ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების და სატენდერო პირობების შესაბამისობას, ასევე სატენდერო მოთხოვნების და პირობების პროპორციულობას და პრეტენდენტთა მხრიდან მათ ერთგვაროვან (ერთმნიშვნელოვან) გაგებას (აღქმას).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს

რეკომენდაცია N4:

სამინისტრომ, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა პირმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გახარჯული საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას და გაწეული მომსახურების სათანადო მონიტორინგს.