სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ახალი გენერალური აუდიტორი თანამშრომლებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა 21 სექტემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი გენერალური აუდიტორი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახური წარმატებულ ინსტიტუციად იქცა.

გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ თავის ცოდნას და გამოცდილებას მიმართავს იმისკენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული.

ცოტნე ყავლაშვილს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩევამდე მუშაობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და სახაზინო სამსახურის უფროსად. ფინანსთა სამინისტროში იგი სხვადასხვა პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა. 

ახალი გენერალური აუდიტორი პარლამენტმა 20 სექტემბერს დაამტკიცა.

ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი შეცვალა.