სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი: 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა სამუშაოების შესყიდვის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული არაეკონომიური ხარჯის შემთხვევა. კერძოდ, სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და იგივე სამუშაოები შეისყიდა უფრო ძვირად. მიმწოდებელმა გაასაჩივრა გამგეობის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ისე ჩაიბარა, რომ მიმწოდებელთან არ ქონდა გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება. რადგან გამგეობამ უარი განაცხადა შემსრულებლისთვის აენაზღაურებია სამუშაოების ღირებულება, მიმწოდებელმა მიმართა სასამართლოს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტს დაეკისრა, როგორც შესრულებული სამუშაოების, ასევე სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება. შედეგად მუნიციპალიტეტმა ზედმეტად გადაიხადა სასამართლო პროცესის ხარჯები
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისიწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. შედეგად მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი
- მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.