სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულება
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 37% და 47% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვა და მართვა - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურები დაიწყო შესაძლო პრობლემების გათვალისწინების გარეშე და სამუშაოების მიმდინარეობის დროსაც პროცესი ოპერატიულად ვერ წარმართა. შედეგად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა ან დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 165.0 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.
უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა დაგეგმილი სამუშაოების მიწოდების ვადებს და აუარესებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს.
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,856.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი აქტივები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 685.8 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
შესყიდვების მართვა
სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტების მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ და არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა 137.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა 135.1 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და წარმოშობს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - საწვავის ხარჯვის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი არაუფლებამოსილი პირების მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის შემთხვევები; ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს.
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული იურიდიული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით, არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.