სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 16 ივნისი, 2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები -  მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შემოსავლების დროული პროგნოზირება და ბიუჯეტში ასახვა, აგრეთვე, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 19.1% და 28.8% დააკლდა.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

გარე განათების მოვლა-პატრონობის შესყიდვის ხარვეზები - მერიამ გარე განათების მოვლა-პატრონობის შესყიდვების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დათვლის მიზნით სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა. შედეგად, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა საბაზრო ფასს.

სატენდერო ხარვეზი - შესყიდვებში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ არასწორად განსაზღვრა სატენდერო მოთხოვნები. შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა 49.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 154.8 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები მერიამ ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ხარვეზები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 1,275.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები.

გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა 370.6 ათასი ლარის ღირებულების საბიუჯეტო რესურსი და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 1,023.5 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ხუთი ხელშეკრულების ფარგლებში 371.9 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესი დაუშვა ხელშეკრულების გაფორმებისა და სათანადო ვალდებულების წარმოშობის გარეშე. არსებობს რისკი, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები შესაძლოა მოქმედებდნენ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, არამედ კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესების სასარგებლოდ. 

შრომის ანაზღაურება

წახალისების გაცემის შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ დანამატები და ჯილდოები – სულ 217.0 ათასი ლარი გასცა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები - კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზება, ხოლო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 79 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

მივლინების ხარჯის შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. საჯარო მოხელეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისთვის 53.2 ათასი ლარი დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.

საკონსულტაციო მომსახურების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურებაზე მემორანდუმის ფორმით 136.3 ათასი ლარის გადახდა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

რეგიონალური განვითარების სააგენტოს დაფინანსების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტო დააფინანსა 90.0 ათასი ლარით. მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. მერიას არ შეუსწავლია გახარჯული თანხების ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.

საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 200.2 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ზოგიერთი დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულება სამუშაო აღწერილობას არ მოიცავს. ზოგიერთი დასაქმებული კი ფუნქციურად დატვირთული არ არის და ვერ დასტურდება მათ მიერ შესრულებული სამუშაო. აღნიშნული შეუსაბამობები გამოვლინდა მინიმუმ 170 დასაქმებულის შემთხვევაში, რომელთა ხელფასებზე გაცემული 1,838.6 ათასი ლარი არარაციონალურ ხარჯს წარმოადგენს.

მოსაკრებლები

დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი - კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო მოსაკრებლის ამოღების სათანადო ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო ხარვეზი - საბიუჯეტო პროცესში არსებულმა მართვის სისუსტეებმა  წარმოშვა ხარვეზი ბიუჯეტის დაგეგმვაში. შესაბამისად, დარღვეულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნა.

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი 844.2 ათასი ლარის ხარჯი გამოიწვია.

შიდა აუდიტი

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში კონტროლის გარემო სუსტია, რაც დასტურდება შიდა აუდიტის ფუნქციის არაეფექტიანობით და წინა აუდიტით გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1: 

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის განწერისას შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.

რეკომენდაცია №2: 

მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა შესაბამისი პერიოდებისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ანაზღაურებას; ამასთანავე, მერიამ მიიღოს საკმარისი და შესაფერისი რწმუნება, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები სრულყოფილად ასახავდეს ფაქტობრივი დანახარჯების დათვლას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, მოახდინოს ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებითი შემოწმება და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №5: 

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

რეკომენდაცია №6: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №7: 

მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების მონიტორინგისა და განკარგვის გაუმჯობესებას, ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილებას ან/და დროულად გამოვლენას. ამასთანავე, მერიამ განახორციელოს შესაბამისი რეაგირება მუნიციპალური ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

რეკომენდაცია №8: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები; საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია №9: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხებით, შეიმუშაოს წესი საჯარო მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ. აღნიშნული წესით მიზანშეწონილია განისაზღვროს მივლინების მიზნები, რომელიც შეესაბამება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და ინტერესებს. დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს ღონისძიებათა გეგმას მივლინების შედეგების მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენების შესახებ და ასევე მივლინებული პირების მიერ ანგარიშების წარმოდგენას მიღებული ცოდნა/გამოცდილების განვრცობის თაობაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას.

რეკომენდაცია №10: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, მჭიდროდ ითანამშრომლოს ა(ა)იპ − კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ზოგადი განვითარებისათვის. აღნიშნული დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და სხვა  მუნიციპალიტეტებთან ერთად ხელს შეუწყობს საქმიანობის კოორდინაციასა და გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №11: 

მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა. ასევე, შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა სათანადო ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №12: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებას. მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც შეამცირებს მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის დახარჯულ რესურსს და ამასთანავე, გაზრდის ამოღების მაჩვენებელს.

რეკომენდაცია №13: 

მერიამ იმსჯელოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების საკითხზე. სათანადოდ დაასაბუთოს და მოითხოვოს დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის მოცულობის გაზრდა ან შეამციროს ხარჯები და საქმიანობა განახორციელოს გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფს საქმიანობის უფრო ეკონომიურად განხორციელებას და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას.

რეკომენდაცია №14: 

მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს, ასევე პროცესებში არსებულ რისკებს და გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მათი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდასა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.