სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის დანიშვნასთან დაკავშირებით 25 ივლისი, 2012

23 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან მთელი ძალისხმევა კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ძალისხმევას დაუთმოს, სადაც ის წარსულში პრეზიდენტის რწმუნებული იყო. „19 ივლისის სტიქიამ ათი ათასობით ადამიანი საცხოვრებელის გარეშე დატოვა და გაანადგურა მოსავალი. მე ვარ კახეთის რეგიონიდან და ჩემი ბუნებრივი ვალდებულებაა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში", - აღნიშნა ბეჟაშვილმა თავისი გადადგომის მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ.

25 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა პარლამენტარი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე. პარლამენტმა მისი კანდიდატურა დაამტკიცა კენჭისყრით (83 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი).

დამტკიცებისთანავე, ბატონმა თორდიამ განაცხადა:

„ჩემთვის დიდი პატივია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პოზიციის დაკავება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხის ნდობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ იყოს კიდევ უფრო მაღალი.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების კანონშესაბამის და ეფექტურ ხარჯვას, ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს. შესაბამისად, ჩვენს უწყებას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში. ღია და კორუფციული გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრების კონტექსტში, ჩვენს სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი პოლიტიკურ და საარჩევნო ფინანსების მონიტორინგს მოიცავს, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ამ უწყების პოლიტიზირება. ამისთვის საჭიროა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდეს ცალსახად ერთგვაროვანი მიდგომა კანონის აღსრულებაში და იყოს ობიექტური, დამოუკიდებელი და ღია თავისი მანდატის აღსრულებაში. სწორედ ეს არის ჩემი ვალდებულება და ჩემი ამოცანა.

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პრევენცია. ამიტომ, ჩემი პირველი ინიციატივა ამ ახალ პოზიციაზე არის პოლიტიკური პარტიებისადმი კონსულტაციებისთვის მიმართვა, რომ ერთად დავსახოთ სტრატეგია დარღვევების აცილებისთვის.

არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დავამკვიდროთ მსოფლიო სტანდარტების სისტემები საჯარო ფინანსების მონიტორინგის სფეროში, საბიუჯეტო სახსრების, ისევე როგორც პოლიტიკური ფინანსების მიმართულებით.


***

საქართველოს პარლამენტში ოთხწლიანი მუშაობის მანძილზე, ლაშა თორდია მოღვაწეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის დასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობებზე. საქმიანობის ასეთმა ფართო სპექტრმა ბატონ თორდიას შესძინა დიდი გამოცდილება საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღების კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მზადყოფნას, გაუძღვეს საჯარო ფინანსების და მათი კანონიერი ხარჯვის ზედამხედველობის საპასუხისმგებლო საქმეს.


იხ. ტელესიუჟეტები