სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 20% და 33% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებას და პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია.
დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - შესყიდვების პროცესის კონტროლის არასათანადო მექანიზმების გამო, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ ვერ მიიღო, სულ − 278.3 ათასი ლარის საგარანტიო და საჯარიმო თანხები. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია.
გამოუყენებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - ფინანსური აქტივების მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გასწია 97.3 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და შეისყიდა ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია. გარდა ამისა, არ განხორციელდა არსებითი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.
მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა
მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ხარვეზები - მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება. გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება
იურიდიული პირების დაფინანსებასა და საქმიანობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის და მართვის კონტროლში არსებული სისუსტეები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკებს. კერძოდ, ზოგიერთი სუბიექტის და დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია. გარდა ამისა, საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია დოკუმენტური დადასტურების გარეშე. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სატრანსპორტო ხარჯების მხრივ არარაციონალურია. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა და ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
მივლინების ხარჯების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. საჯარო მოხელეების მივლინებისთვის გამოყოფილი თანხები დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.