გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი მოხსენებით წარსდგა კონფერენციაზე “საპარლამენტო კონტროლი საქართველოში-კანონმდებლობა, პრაქტიკა და პერსპექტივები “, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა.
გენერალური აუდიტორის განცხადებით, პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ მიზანს და ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აუდიტორული სამსახური პარლამენტისთვის არის ქმედითი ბერკეტი, განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობს საკანონმდებლო ორგანოსთან, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სამუშაო ჯგუფში განიხილავს აუდიტორულ დასკვნებს. აუდიტის სამსახური გეგმავს წარუდგინოს პარლამენტს სისტემური ტიპის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული წინადადებები.
კონფერენციას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.






