სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც მთავრობაზე ზედამხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და ინსტრუმენტი - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრეს.
გზამკვლევი USAID-ის დახმარებით მომზადდა და მიზნად ისახავს პარლამენტის წევრების აქტიური ჩართულობის სტიმულირებას ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში და ამ ზედამხედველობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყების საქმიანობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენებები - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე, ბიუჯეტის შესრულებაზე, სახელმწიფო ვალზე - კომიტეტის სახელმძღვანელო დოკუმენტებს შორის დასახელდა.
გეგმის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული აუდიტის ანგარიშების ინტენსიურ რეჟიმში განხილვა კომიტეტთან არსებულ აუდიტის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე - ARIS.GE-ზე, რაც პარლამენტის წევრებს აუდიტის ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე სრულ და გამჭვირვალე ინფორმაციას აწვდის, ასევე ეხმარება მათ მთავრობის საქმიანობის უკეთ შეფასებაში.


