გენერალურ აუდიტორთან ცოტნე ყავლაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ფინანსური მართვის უფროსმა სპეციალისტმა პატრიკ უმაჰ ტეტემ, რომელიც ამავე დროს პროექტის ხელმძღვანელია.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ცოტნე ყავლაშვილმა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ,,ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის’’ მიმდინარეობა გააცნო და სამომავლო საქმიანობის გეგმებზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტორებმა აუდიტის მეთოდოლოგიური ბაზის და ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწის მიზნით მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრებზე განიხილეს შემოსავლების აუდიტის, დაგეგმვის და რისკების შეფასების, სახელმძღვანელოს შექმნის, პროცედურებისა და ტრენინგის საჭიროებების, საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის, შემოსავლების მობილიზების და IT აუდიტში ხარისხის კონტროლის გაძლიერების საკითხები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე IPSAS სტანდარტებში აუდიტორების პროფესიული განვითარების და მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებული ღონისძიებები.


