სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში ეწვია. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ელჩი გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს და გენერალური აუდიტორის მოადგილეს ეკატერინე ღაზაძეს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებისას მხარეებმა სოლიდარობა გამოხატეს უკრაინის მიმართ მიმდინარე მოვლენების გამო.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრეს იმ პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით ახორციელებს. საქართველო და უკრაინა სწორედ GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტში – „უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ იყვნენ ჩართულები,რაც პარალელური აუდიტების წარმოებას გულისხმობდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები და ფოკუს-თემები.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებმა ელჩს გააცნეს მიმდინარე წლის აუდიტორული გეგმა და სამსახურისთვის აქტუალური საკითხები.


