სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 18% და 24% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა
2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375.0 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 546.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვა და მართვა - მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და მართვის პროცესები. შედეგად, 407.0 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა.
სკოლების რეაბილიტაციის პროცესის არასათანადოდ წარმართვა - სამუშაოების სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულების მიზნით, მერიამ განახორციელა გამარტივებული შესყიდვები, თუმცა ვერ მოახერხა პროცესის სწორად წარმართვა და მიმწოდებლების იმგვარი შერჩევა, რაც უზრუნველყოფდა სამუშაოების დროულად დასრულებას. 19-დან 15 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე არ დასრულდა. მათ შორის, დაგვიანდა 13 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ორი სკოლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულება შეწყდა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა შემსყიდველის პირობებს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
შესყიდვების მართვა
კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაციის შედეგად გაწეული არაეკონომიური ხარჯი - ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვისას, მერიამ ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება, შეწყვიტა სატენდერო პროცედურები და გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული წესით, გაუარესებული პირობით (მაღალ ფასად) გააფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც 144.2 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.
შესყიდვის ხელშეკრულებების ადმინისტრირების ხარვეზები - მერიის მიერ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრისა და მათ შესრულებაზე დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას. ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხები შემცირებულია დაუსაბუთებლად. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ვერ მიიღო 58.5 ათასი ლარის შემოსავალი.
ქონების მართვა და განკარგვა
მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის სათანადო ადმინისტრირებას. რიგ შემთხვევებში მის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია, რის გამოც 2021 წლის ბოლოს მოსარგებლეების მიერ გადაუხდელი დავალიანება, ჯამურად − 228.7 ათას ლარს შეადგენს.
სახელშეკრულებო პირობებისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებები - წინა პერიოდში გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულებებით განსაზღვრული სარგებლობის საფასური არ შეესაბამება მიმდინარე საბაზრო ფასებს. ხელშეკრულებების ნაწილი არ ითვალისწინებს ქირის გადაუხდელობის/დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც უარყოფითად აისახება საფასურის ადმინისტრირებაზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ მობილიზებას. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ იღებს კუთვნილ შემოსავალს.
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სრულად არ იწმინდება. გამრიცხველიანების მიუხედავად, წყლის გადასახადი არ იკრიფება, რაც იწვევს სასმელი წყლის უკონტროლო ხარჯვასა და დეფიციტს. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები წყალმომარაგებისათვის არაეკონომიურად და არაპროდუქტიულად იხარჯება.
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ განუხორციელებია შემოწმებული ობიექტების, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის კონტროლის მექანიზმებისა და საქმიანობის რისკების შეფასების პროცედურები და სისტემური დარღვევების პრევენცია/იდენტიფიცირება, რაც გააუმჯობესებდა ობიექტების საქმიანობას.