დღეს, 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით ბაქრაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოფიციალურად წარუდგინა. წარდგენის ცერემონია ქუთაისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათაო ოფისში გაიმართა.
დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ლევან ბეჟაშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური ცვლილებებისთვის. „აუდიტის სამსახური ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს და დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური არა მარტო იცავდეს და ასრულებდეს კანონს, არამედ აკეთებდეს ამას ისე, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს რაც შეიძლება ნაკლები კითხვა, ამიტომ დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მეტი კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვფიქრობ, რომ ახალი ხელმძღვანელი ბატონი ლაშა თორდია, რომელიც წლების მანძილზე სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობდა პარლამენტში და ამ თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, შესძლებს ამ გამოცდილების პოზიტიურად გამოყენებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში" - აღნიშნა დავით ბაქარაძემ.
