სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულება
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
შესყიდვების მართვა
ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზები - ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მუნიციპალიტეტის კონტროლის მექანიზმები არასათანადოა. ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ, თვითმმართველმა ერთეულმა ვერ მიიღო სულ 57.7 ათასი ლარის საგარანტიო და საჯარიმო თანხები. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 2,004.6 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.
მიუღებელი ჯარიმები - ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტი ახორციელებდა სისტემური ხარვეზებით. პროცესი გაუმართავია როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ჯარიმების ამოღების, ასევე შემსყიდველი სუბიექტის შემდგომი რეაგირების კუთხითაც. აღნიშნული ნაკლოვანების გამო მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო 2,325.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
გამოუყენებელი ობიექტები/აქტივები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა თანხები და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს დროულად ვერ მიაღწია.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: წყლის სისტემებს ემსახურება არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია; მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია დაწესებული ლიმიტის დარღვევით. ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
შრომითი ხელშეკრულებებით დაქირავებული პირები - მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული შრომის გამოყენების პრინციპი არ შეესაბამება საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად ხარჯვის ვალდებულებას.
მივლინების ხარჯების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. 2021-2022 წლებში საჯარო მოხელეების მივლინებისთვის 12.7 ათასი ლარი დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში. ამასთანავე, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ორგანიზაციული და პერსონალის მართვა
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზა და ამასთანავე, ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
საბიუჯეტო პროცესის ხარვეზები - 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხარვეზებით და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.