სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნით სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურის 2017 წლის აუდიტს ეძღვნებოდა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა. კომისიაში სხვადასხვა ფრაქციის წევრები, ასევე აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“-ს წარმომადგენლები შედიან.
საპარლამენტო კომისიამ და აუდიტორთა ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახური 3 მიმართულებით შეამოწმეს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმება, შეფასება, აუდიტის ანგარიშის გაცემა;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმება.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობაში არსებითი ხასიათის შეცდომები არ ყოფილა, არ გამოვლენილა ხარვეზები და დარღვევები კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
დასკვნით სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი და საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკა დანელია წარმოადგენდნენ.
