სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ დუბლინში INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მე-14 წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე განიხილებოდა ეფექტიანობის აუდიტის პროფესიული სტანდარტების ქვეკომიტეტის (PSC) და INTOSAI-ის მმართველ სტრუქტურების (FIPP) ერთობლივი ინიციატივა პროფესიული სტანდარტებისა და აუდიტის ფუძემდებლური პრინციპების გადახედვა-განახლებასა (მათ შორის ეფექტიანობის აუდიტის სტანდარტის (ISSAI3000)) და ერთმანეთთან სინქრონიზებასთან დაკავშირებით.
აშშ-ს, ნორვეგიის და ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს ეფექტიანობის აუდიტის თანამედროვე პრაქტიკებზე თავიანთი ორგანიზაციების გამოცდილებები გაუზიარეს. მათ შორის: მონაცემთა ანალიზი-ვიზუალიზაცია სტატისტიკების უკეთ ასახვის მიზნით; DATA LAB-ის შექმნის სარგებელი უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციებისათვის; სხვადასხვა ტექნოლოგიის - დრონების, GIS მონაცემების, Satellite Imaging და სხვა - გამოყენების მაგალითები აუდიტორული პროცედურების პროდუქტიულობისა და სიზუსტის გაზრდის მიზნით.
ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მე-14 შეხვედრაში ქვეკომიტეტის 30-მდე წევრთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა ECA, IDI, AFROSAI-E.
INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტი აუდიტის სტანდარტების განახლება/მოდერნიზებას, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და წევრებისთვის უკეთესი პრაქტიკის გაზიარებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ქვეკომიტეტის საქმიანობაში.
