სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროკავშირის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შემფასებლის ვიზიტი 14 დეკემბერი, 2016

დღეს, 13 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის საშემფასებლო ვიზიტი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წვლილის შეფასება. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განსაზღვრული აქვს ვალდებულებები, რომელთა წარმატებით შესრულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს ევროკავშირის დახმარებას.

საქართველოში სახელმწიფო ფინანსების სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ევროკავშირმა სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2014-2017 წლებისთვის გამოუყო 19 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი. ყოველი ტრანშის გადმორიცხვა დამოკიდებულია საჯარო ფინანსების მართვაში ჩართული მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური აღრიცხვა, გაუმჯობესებული შიდა და გარე აუდიტის მექანიზმები და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება.

2015 წელს განსაზღვრული 5.2 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ტრანშიდან 1.5 მილიონი ევრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმატებით შესრულებული წინაპირობების შედეგად გადმოირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. აგრეთვე, მომავალ წელსაც, შემფასებლის დადებითი შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება ევროკავშირის ფინანსური დახმარება.