28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართება ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში. ტრეინინგი ჩატარდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ,,საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ - ხელშეწყობით. ტრენინგების ფარგლებში სემინარებს ჩაატარებენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები: იენს გიუზე, იენს ჰერმან ტროინერი და ივან იგნატოვი.
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებას 2012 წლიდან დაიწყებს.
2011 წელს საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ იქნა ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთის უმაღლეს აუდიტორულ ოფისებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ეფექტიანობის რამდენიმე საპილოტე აუდიტი.
ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა და მნიშვნელოვანწილად აფართოებს კონტროლის პალატის აუდიტის მასშტაბს. ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით ეფექტიანობის აუდიტი ახლებურ მიდგომას გულისხმობს და მოიცავს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას. ეფექტიანობის აუდიტი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს, შესაძლოა კანონიერად, თუმცა არაეფექტიანად გამოყენებული სახსრები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტს არანაკლებ ზარალს მიაყენებს.
ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს შეუწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას.
იხ. ტელესიუჟეტები
ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი
28 ნოემბერი, 2011