სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 22 დეკემბერი, 2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება 

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 27% და 29% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

შესყიდვების მართვა 

არასაბაზრო ღირებულებით ანაზღაურებული სამუშაოები - შესყიდვის პროცესში მუნიციპალიტეტმა სათანადოდ არ შეაფასა ხელშეკრულების შესრულების რისკები. კერძოდ, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დახარჯა 132.2 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსი და სანაცვლოდ მიიღო არაგონივრულად მაღალი ფასით შესრულებული მოსამზადებელი სამუშაოები.

მიუღებელი და დაურიცხავი ჯარიმები - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში მერიამ მიმწოდებლებზე არ გაავრცელა საჯარიმო სანქცია 22.5 ათასი ლარის ოდენობით, ასევე ვერ უზრუნველყო დარიცხული 257.5 ათასი ლარის პირგასამტეხლოს მიღება.

ბაზრის კვლევის ხარვეზები - მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე. ამდენად, არსებობს რისკი, რომ მერიამ შესყიდვების ფასები განსაზღვრა არასაბაზრო ღირებულებებით და გასწია არაეკონომიური ხარჯი.

სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა მინიმუმ 16.4 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულმა დაუსაბუთებელმა მოთხოვნებმა გამოიწვია შესყიდვის პერიოდის გახანგრძლივება, კონკურენციის შეზღუდვა ან/და საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ხარჯვა.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აუარესებდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობებს.

მიწოდების ვადების დაუსაბუთებლად ზრდა - მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას. კერძოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების ვადები 29 შემთხვევაში გაზრდილია დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზებით.

გამოუყენებელი აქტივები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 343.1 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

მუნიციპალური სერვისების მიწოდება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: მოსახლეობის წყალმომარაგებაზე ფუნქციურად პასუხისმგებელი არ არის არც ერთი სამსახური; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სატრანსპორტო ხარჯების მხრივ არარაციონალურია. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

კანონშეუსაბამოდ გაცემული სახელფასო დანამატი - ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა საკრებულოსა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონშეუსაბამოდ გასცა 10.7 ათასი ლარის სახელფასო დანამატი.

საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 59.9 ათასი ლარი დახარჯა საინფორმაციო - სარეკლამო სახის მომსახურების შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის ადეკვატურობა.

იურიდიული პირების მართვა

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით, კერძოდ: არსებული შემოსავლები სრულად არ აღირიცხება; ქონება განკარგულია არაეფექტიანად; რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები არ არის სათანადოდ დასაბუთებული; არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება და სხვ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი მსგავსი პროფილის ა(ა)იპ-ების დამოუკიდებლად არსებობა.

საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა - 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39.2 ათასი ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.

მმართველობითი გადაწყვეტილებები

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს.

საკონსულტაციო მომსახურების დაუსაბუთებელი შესყიდვა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 30.0 ათასი ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია №1: 

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის განწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს სტრატეგია ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზრის კვლევის სათანადო ჩატარება. კერძოდ, კვლევის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებებისა და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, გამოცდილი/კვალიფიციური მიმწოდებლების შერჩევასა და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დაცვას.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ შეიმუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების წესი და განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას; აღნიშნული უზრუნველყოფს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და ოპტიმალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას.

რეკომენდაცია №5: 

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად განხორციელებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

რეკომენდაცია №6: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო  რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №7: 

საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა. მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით; ასევე მიზანშეწონილია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია №8: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად გადახედოს არსებულ პრაქტიკას, განიხილოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები, დაფინანსების საკითხი და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაციონალურობის პრინციპის დაცვით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის სასარგებლო მომსახურების მიღება-გავრცელებასა და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №9: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა; ამასთანავე, შეიმუშაოს სუბიექტების მართვის ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შემოსავლების ბიუჯეტში დროულ და სრულ მობილიზებას; ასევე შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №10: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად იმსჯელოს გადამხდელთა ბაზის ფორმირებისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაგეგმილი მაჩვენებლის მობილიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და კუთვნილი შემოსავლების მიღებას.

რეკომენდაცია №11: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით მჭიდროდ ითანამშრომლოს ა(ა)იპ − კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საჭიროებიდან გამომდინარე, დაგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ზოგადი განვითარებისათვის. აღნიშნული დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ხელს შეუწყობს საქმიანობის კოორდინაციასა და გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №12: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის შედეგების დადგენას და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენას. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.