სახელმწიფო აუდიტის სამსახური

27 ოქტომბერი, 2016
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა სისტემაში საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების არსებობის მიზნით განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების პროდუქტიულობის შეფასება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები და ხარვეზები.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებულ 2,000 მასწავლებელს არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და შესაბამისად არ ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. მასწავლებლის საგნის გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. აღნიშნული ფაქტორები უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესის მისაღები ხარისხით შეთავაზებაზე.

კადრის შერჩევის პროცედურების არასაკმარისი ტრანსფარენტულობა ხელს უშლის კონკურენტული გარემოს არსებობას და შესაბამისად კვალიფიციური კადრის სისტემაში შესვლას. სკოლების მიერ ვაკანტური ადგილის გამოცხადებისას ფიქსირდება ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების არასათანადო განსაზღვრა და რიგ შემთხვევებში, აკადემიური ხარისხის აუცილებლობის უგულებელყოფა. ამასთანავე, ვაკანსიებში შრომის ანაზღურების არასწორი კალკულაცია ხელს უშლის კვალიფიციურ კადრს დაინტერესდეს არსებული ვაკანსიით.

ქვეყანაში არსებობს სკოლები, სადაც მოსწავლეები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, კონკრეტულ საგნებში მასწავლებლის არარსებობის გამო. ასევე, მრავლადაა ისეთი შემთხვევები, მათ შორის, დედაქალაქში, როდესაც განსხვავებულ და არამომიჯნავე საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე.

გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.