სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ითანამშრომლებს.
ინდოელ კოლეგებთან ონლაინშეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ ისაუბრეს და საკუთარი პრაქტიკა გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინდოეთის აუდიტის სამსახურის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. საქართველოში არსებული პრაქტიკის გაცნობის შემდეგ ინდოეთის აუდიტორული უწყება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში IT აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას მოახდენს. შედეგად, შესაძლებელი იქნება კვალიფიციური ინდოელი ექსპერტების ჩართულობით სასწავლო პროგრამების ორგანიზება.
ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელების და ამ მიმართულებით ხარისხის მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. ის თავმჯდომარეობს INTOSAI-ის IT აუდიტის სამუშაო ჯგუფს და საუკეთესო პრაქტიკებს უზიარებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტორებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ინდოეთის გენერალური აუდიტორის სამსახურთან არსებულ „საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრში“ (iCISA) სხვადასხვა დროს გავლილი აქვთ საკვალიფიკაციო ტრენინგები აუდიტის სხვადასხვა მიმართულებაზე: ეფექტიანობის აუდიტი, გარემოს დაცვის აუდიტი, IT აუდიტი, სახელმწიფო საწარმოთა აუდიტი, ფინანსური აუდიტი, სოციალური სფეროს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინდოეთის კონტროლისა და გენერალური აუდიტორის სამსახურთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.
