ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის, მალტის და შვედეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან ერთად მომხსენებლის რანგში წარსდგა საერთაშორისო ვებინარზე, რომლის თემა იყო „ფინანსური აუდიტის გავლენა: ანგარიშების გამოყენება საბიუჯეტო პროცესების გასაუმჯობესებლად“.
ვებინარი ორგანიზებული იყო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების განვითარების ინიციატივის (INTOSAI IDI) და ეროვნული პარლამენტების საერთაშორისო გაერთიანების მიერ (Inter-Parliamentary Union). ვებინარების სერია მიზნად ისახავს გააქტიურდეს აუდიტის ანგარიშების გამოყენება საპარლამენტო პროცესებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად.
თორნიკე შერმადინმა ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ფინანსური აუდიტების მნიშვნელოვან როლზე საპარლამენტო ზედამხედველობის ხელშეწყობასა და საბიუჯეტო პროცესებში. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს აუდიტის ანგარიშების ეფექტიან გამოყენებას.
ვებინარს მთელი მსოფლიოდან, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის 165 წარმომადგენელი დაესწრო. საერთაშორისო ვებინარზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის მიწვევა მომხსენებლად ხაზს უსვამს ორგანიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე.