სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თურქეთის აუდიტორულ უწყებასთან ორმხრივი თანამშრომლობის შეხვედრები დაიწყო  27 ოქტომბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თურქეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებასთან (Turkish Court of Accounts) თანამშრომლობის შეხვედრები დაიწყო.

ორი ქვეყნის აუდიტორული უწყებების ორმხრივი თანამშრომლობა საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად. თურქეთის აუდიტორულ უწყებას სახელმწიფო საწარმოთა აუდიტების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. თავის მხრივ ქართულმა მხარემ კოლეგებს საერთაშორისო აუდიტების ჩატარების პრაქტიკები გააცნო.

აუდიტორებმა ისაუბრეს რა პრაქტიკას და აუდიტორულ მიდგომებს იყენებს ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანო მუშაობისას, რა პროფესიული სიახლეები შეიძინეს საერთაშორისო აუდიტების წარმოებისას და როგორ მოხდა საერთაშორისო სტანდარტების ადაპტირება ქვეყნის საჭიროებებზე.

მომავალ წელს დაგეგმილია ამავე ფორმატის შეხვედრებში ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ჩართვა და ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით ექსპერტული ცოდნისა და რეკომენდაციების გაზიარება.

პროფესიული თანამშრომლობის საფუძველზე, გამოითქვა მზაობა უახლოეს მომავალში თანამშრომლობის ახალი ფორმატის ამოქმედების და ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლების შესახებ.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პროფესიული თანამშრომლობა თურქეთის მხარესთან ხელს უწყობს რეგიონში გამოცდილების გაზიარებას.

თურქეთის საანგარიშო სასამართლოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ ქუტლუ კარაჯა − სახელმწიფო ეკონომიკური საწარმოების აუდიტის ჯგუფის მთავარი აუდიტორი, ჩიგდემ ოზბეი − სამინისტროებისა და უწყებების აუდიტის ჯგუფის მთავარი აუდიტორი, მურატ ინჩე − პროფესიული განვითარების ჯგუფის წამყვანი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი ფერჰათ აკსოი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი მეჰმეთ ბალიოღლუ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − სალომე სანებლიძე, წამყვანი აუდიტორი − თეკლა ონიანი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − მარიამ ზაალიშვილი, წამყვანი აუდიტორი − მარიამ ჭოლოკავა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი −  ნინო კერესელიძე.