სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 16 იანვარი, 2018
ინკლუზიური სწავლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016, 2015

განათლების მიღება, განსხვავებული შესაძლებლობების მიუხედავად, ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მოსწავლეების სასკოლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირება ინკლუზიური განათლების მთავარ მიზანს და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მოცემული მიზნის მისაღწევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამას“.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ინკლუზიური სწავლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ის შედეგები და ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური სწავლების ეფექტიანად დანერგვაზე, კერძოდ:
  • ქვეყნის მასშტაბით, არსებობს ინკლუზიური განათლების მიზნების შესაბამისად ადაპტირებული სკოლები და მათ არ ჰყავთ სსსმ მოსწავლეები. ამის საპირისპიროდ, ფიქსირდება სკოლები, სადაც ირიცხებიან სსსმ - მათ შორის ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, რომელთა გარემო არ არის თანხვედრაში ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ფინანსური რესურსის არაპოდუქტიულად განკარგვის რისკებს და მეორე მხრივ, ზღუდავს მოსწავლეებისთვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
  • ტრენინგების მეშვეობით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობის არასათანადოდ გათვალისწინება, როგორც სპეციალური, ასევე იმ საგნის მასწავლებლებისთვის რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეს, აფერხებს სწავლების პროცესის სათანადო ხარისხით წარმართვას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სკოლას ჰყავს ინკლუზიური განათლების კუთხით გადამზადებული მასწავლებლები, სსსმ მოსწავლე კი სკოლაში არ ირიცხება და პირიქით - იმ სკოლებში სადაც სწავლობენ სსსმ მოსწავლეები, უმეტეს ნაწილს არ ჰყავს გადამზადებული მასწავლებლები.
  • სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი კალკულაცია არ არის გაწერილი. დაფინანსების ოდენობა არ არის მორგებული სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არაპროპორციულადაა განაწილებული სკოლებს შორის მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში, რაც ზრდის ფინანსური რესურსის არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს.
  • სკოლებში ინკლუზიური სწავლების სათანადოდ დასაგეგმად და განსახორციელებლად სამინისტრო არ ფლობს პროგრამის ბენეფიციარებისა და პოტენციური მოსარგებლეების შესახებ რელევანტურ, სრულ და ზუსტ ინფორმაციას. ამასთანავე, სსსმ მოსწავლეების შემფასებელი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, რიგ შემთხვევებში არ აქვთ მიღებული ინკლუზიურ სფეროსთან დაკავშირებული განათლება. გარდა ამისა, არ არის დანერგილი სსსმ მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგების და სკოლების მიერ ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად გატარებული ღონისძიებების შეფასების მექანიზმები, რაც აფერხებს პროგრამის ეფექტიანად დანერგვის მაჩვენებლების სათანადოდ შეფასებას. გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის ფუნქციონირების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების სათანადოდ დანერგვას.

რეკომენდაცია №1.

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მნიშვნელოვანია, სამინისტროს სამმართველოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთობლივად შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რის მიხედვითაც სსსმ მოსწავლის ჩარიცხვამდე შეფასდება სკოლის გარემო, პრიორიტეტების მიხედვით მოხდება სკოლების შერჩევა და შესაბამისად ეტაპობრივად მოხდება სკოლების სრული ადაპტაცია.

რეკომენდაცია №2.

სსსმ მოსწავლეებისათვის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სპეციალურმა და იმ საგნის მასწავლებლებმა რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეებს, ინკლუზიური განათლების კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგების გზით. ტრენინგების ჩატარების პროცესი გაიწეროს დროში, რის მიხედვითაც განისაზღვრება პერიოდი რომლის განმავლობაშიც მოხდება მასწავლებლების სრული კონტიგენტის ეტაპობრივი გადამზადება.

რეკომენდაცია №3.

იმისათვის რომ, სპეციალურ მასწავლებელს გაეზარდოს მოტივაცია აიმაღლოს კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია სისტემამ შექმნას შესაბამისი მასტიმულირებელი ფაქტორები და მოხდეს მისი მასწავლებლად აღიარება, რაც დადებითად აისახება სსსმ მოსწავლეების სკოლის გარემოში ინტეგრირების პროცესზე.

რეკომენდაცია №4.

იმისათვის, რომ სსსმ მოსწავლეებისათვის გაიზარდოს სათანადო ხარისხით განათლების ხელმისაწვდომობა, არსებული დაფინანსების მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით მოხდეს მისი სისტემაზე სწორად მორგება. კერძოდ, მოხდეს დაფინანსების ოდენობის კალკულაცია, სადაც გაიმიჯნება ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯები, გათვალისწინებული იქნება სსსმ მოსწავლეების მდგომარეობა და ინდივიდუალური საჭიროებები.

რეკომენდაცია №5.

პროგრამის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვადასხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარებზე. ასევე უზრუნველყოს პროგრამით მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზების სისრულე და სიზუსტე, სადაც გათვალისწინებული იქნება სსსმ მოსწავლის საჭიროებები, სკოლებში ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მასწავლებლების გადამზადების მდგომარეობა და პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ყველა რელევანტური ინფორმაცია.

რეკომენდაცია N6:

მულტიდისციპლინური გუნდის წევრების შერჩევისას, გათვალისწინებულ იქნეს მათი კვალიფიკაციის შესაბამისობა ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რათა საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სსსმ მოსწავლის საჭიროებების არასათანადოდ განსაზღვრის რისკები.

რეკომენდაცია N7:

იმისათვის, რომ შეფასდეს სკოლებში პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მაჩვენებელი, საჭიროა დაინერგოს შესაბამისი შეფასების მექანიზმები, კერძოდ: ა)მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით განისაზღვროს სსსმ მოსწავლის ხელმეორედ შეფასებისა და მიღწეული შედეგების მონიტორინგის პერიოდი; ბ)დაინერგოს სკოლებში პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შეფასების მექანიზმი და სკოლებს შორის მოხდეს მიღწეული შედეგებისა დადებითი პრაქტიკის გაზიარება