სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონფერენცია „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“ 15 მაისი, 2017

2017 წლის 13 მაისს გაიმართა კონფერენცია „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი.

„კონფერენციაზე წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი პროდუქტი - ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა აკონტროლოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ შორის შესყიდვების მიმართულებითაც. რაც შეეხება კონკრეტული უწყებების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარვეზებსა და ტენდენციებს, ამ ინფორმაციას მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური მოხსენება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, რომელსაც პარლამენტს 15 მაისს წარვუდგენთ“, - განაცხადა მარიკა ნაცვლიშვილმა.

კონფერენციაში მონაწილე შესყიდვების თემაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) წარმოადგინეს ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასების შედეგები, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

კონფერენციას „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ უმასპინძლა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით.

იხ. ვიდეო