როგორც მოგეხსენებათ, დიდი განსაცდელი დაატყდა თავს კახეთის რეგიონს - სტიქიამ ათი ათასობით კახელი საცხოვრებლისა და მოსავლის გარეშე დატოვა, ზარალმა ათეულობით მილიონ ლარს გადააჭარბა.
უკანასკნელი ოთხი დღე მე გავატარე ჩემს ხალხთან, კახელებთან ერთად და დავინახე, სტიქიამ რა ზარალი მიაყენა ისედაც გაჭირვებაში მყოფ გლეხს. დავინახე, რომ დღეს მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული თანადგომა და განსაკუთრებული ნუგეში.
ამ დღეებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო დაზარალებული მოსახლეობისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილი დახმარებები დროულად მივიდეს დაზარალებულ მოსახლეობამდე და თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა, თანადგომა და მიიღოს კონკრეტული სარგებელი.
ვთვლი, რომ ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაა, რომ დღეს, ამ ძნელბედობის ჟამს, გვერდით დავუდგე ჩემს კახელებს და დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში, ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინო მათ არსებული პრობლემების მოგვარებაში.
თუმცა ეს შეუთავსებელი არის ჩემს დღევანდელ თანამდებობასთან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდით დავუდგე ჩემს კახეთს და კახელებს. ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას.
ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, სჭირდება გვერდით დგომა და ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ყოფნა.