საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნული სამსახურის დელეგაცია თავმჯდომარის, გიედრე სვედიენეს მეთაურობით.
ვიზიტის მიზანია: კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცება; ლიტვური გამოცდილების გაზიარება და აუდიტის დასავლური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა კონტროლის პალატაში.
დღეს, 16:00 საათზე გიედრე სვედიენე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, სადაც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ოფისისა და პარლამენტის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ლიტვის დელეგაციის წევრები კონტროლის პალატაში ფინანსთა სამინისტროში ჩასატარებელი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით პრაქტიკულ ტრენინგებს გამართავენ. ასევე, ლიტველი სტუმრები ქართველ კოლეგებს გაუწევენ კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და სხვა ექსპერტულ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:
- დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე;
- დასკვნა ფინანსური ანგარიშგებების პაკეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, მათ შორის შემოსავლების აუდიტის ჩათვლით;
- დასკვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ანგარიშზე;
- ინფორმაციული სისტემების აუდიტი.
აღნიშნულ ღონისძიებას საფუძვლად უდევს საქართველოს კონტროლის პალატასა და ლიტვის რესპუბლიკის აუდიტის ეროვნულ სამსახურს შორის 2011 წლის სექტემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.
იხ. ტელესიუჟეტები