სახელმწიფო აუდიტის სამსახური

14 აპრილი, 2017
მასობრივი სპორტის განვითარება
პერიოდი: 2016, 2015, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საჯარო სკოლებში მოსწავლეების სპორტის გაკვეთილებში ჩართულობა,  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მასობრივი სპორტის მიმართულებით გამოყენება და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ქმედებები, მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო სკოლებში რეგისტირებული 44,529 მოსწავლე მოკლებულია შესაძლებლობას სკოლის ფარგლებში მიიღოს საკმარისი ფიზიკური აქტივობა სპორტის გაკვეთილების სახით, ვინაიდან საჯარო სკოლების გარკვეული რაოდენობა, სხვადასხვა სასწავლო საფეხურებზე,  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დაშვების შესაბამისად ერთი  სემესტრის მანძილზე ამცირებს სპორტის გაკვეთილების კვირეულ დატვირთვას ერთ საათამდე, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ორი საათიანი კვირეული სპორტული დატვირთვა არ არის საკმარისი ჯანმრთელი და ჯანსაღი მოსწავლეების აღსაზრდელად, რასაც მოწმობს საერთაშორისო გამოცდილება და სპორტის შესახებ კანონი, რომლის მიხედვით სასწავლო დაწესებულებებში სპორტის საათი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები.

აუდიტის შედეგად შერჩეული  მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობა არის მცირე და მერყეობს საშუალოდ 6%-მდე მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სრულად დატვირთვა არ ხდება.

არსებობს საჯარო სკოლები, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა არ აძლევს მათ საშუალებას ჩაატარონ  სპორტის გაკვეთილები, თუმცა საჯარო სკოლების მიერ არ მომხდარა ალტერნატიული საშუალებების გამოყენება როგორც სახელმწიფო სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე ინფრასტრუქტურულად უკეთეს მდგომარეობაში არსებული სკოლების სპორტული დარბაზების სახით, რომელიც  ხელს შეუწყობდა აღნიშნული პრობლემის ნაწილობრვ გამოსწორებას და მეტ  მოსწავლეს მისცემდა საშუალებას მიეღო სათანადო ფიზიკური დატვირთვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილი ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.