სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც “მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნის” ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით ქ. ნანჯინგში, ჩინეთში გაიმართა.
შეხვედრა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების განვითარების ინიციატივის (INTOSAI IDI) პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც მთავრობების მიერ “მდგრადი განვითარების მიზნების” განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტს უკავშირდება.
აუდიტის ფარგლებში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციები სწავლობენ, რამდენად გაატარა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებები/აქტივობები და, შესაბამისად, რამდენად მოემზადა მიზნების განსახორციელებლად. პროგრამაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა, 70-მდე სხვა უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტი მონაწილეობს.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა, INTOSAI IDI-ს, აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტისა (UNDESA) და სხვადასხვა უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილე ქვეყნებს წინასწარ ჰქონდათ დავალებული წარმოედგინათ პრეზენტაციები - მთავრობების მიერ “მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნის” ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის სამუშაო ვერსიაზე. სამუშაო ვერსიები შესაბამისმა ექსპერტებმა და მენტორებმა შეაფასეს, ქვეყნებმა ერთმანეთს გააცნეს აუდიტის პროცესში აღმოჩენილი მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები; ამასთან, მიიღეს INTOSAI IDI-ის ექსპერტებისა და მენტორების მითითებები ანგარიშების შემდგომ დახვეწასთან დაკავშირებით.
„მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის“ ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით მსგავსი ფორმატის შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა. INTOSAI IDI ამ ფორმატს იყენებს, რათა გაეროს წევრ ქვეყნებს დაეხმაროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.
