საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-სთან და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციები.
აღნიშნული ფონდის ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოში არალიცენზირებლი ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90.000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორის საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო.
2012 წლის 22 მაისს, ბიძინა გიორგობიანი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
მონიტორინგის სამსახურის განცხადება
22 მაისი, 2012